#6 დაწესებულებაში სავარაუდო სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა

#6 დაწესებულებაში სავარაუდო სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #6 დაწესებულებაში სავარაუდო სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვა.

„მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თ.კ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო“, - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ცნობითვე, მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.