სააკაშვილი კათოლიკურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

სააკაშვილი კათოლიკურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მცხოვრებ კათოლიკეებს შობას ულოცავს .
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი კათოლიკური სამყაროსთვის - ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი ქართველ კათოლიკეებს. ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებთ, კეთილდღეობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის გვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქართველი კათოლიკეების წვლილი საქართველოს ისტორიაში დიდია. 
"ისინი საუკუნეების განმავლობაში იღწვოდნენ ქართული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული სიმდიდრის შესაქმნელად და დღესაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. საქართველო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლოა და თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს - ამ ქვეყნის სიყვარული. ერთად ვილოცოთ მისი წინსვლისა და კეთილდღეობისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.
კათოლიკური სამყარო დღეს, 25 დეკემბერს ქრისტეშობას აღნიშნავს.