“ჩემს პატიმარ შვილს ამაღამ ოპერაციას თუ არ გაუკეთებენ, დილამდე მოკვდება“

“ჩემს პატიმარ შვილს ამაღამ ოპერაციას თუ არ გაუკეთებენ, დილამდე მოკვდება“

სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ 24 წლის პაატა ბიბილურს ოპერაციას ამაღამ თუ არ გაუკეთებენ, დილამდე შეიძლება დაიღუპოს, - ეს ინფორმაცია პატიმრის დედამ, ლენა ბიბილურმა მოგვაწოდა, რომელიც შვილს რამდენიმე წუთის წინ შეხვდა. ლენა ბიბილური ადვოკატ ცირა ჯავახიშვილის დახმარებით დაგვიკავშირდა.

პატიმრის დედა ტიროდა. როგორც მისი მისი ნაამბობიდან შევიტყვეთ, 24 წლის პაატა ბიბილური სასჯელს მეხუთე წელია იხდის. დედის განმარტებით, დაპატიმრებამდე ჯანმრთელი იყო, ხოლო ახლა ლანდაა ქცეული-ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგული აქვს, ცალი თირკმელი ამოღებული, ხერხემალი დაზიანებული. პატიმარი მოითხოვს ქალაქის ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას და ოპერაციის იქ გაკეთებას, რადგან საპატიმრო დაწესებულების მედპერსონალს არ ენდობა.

“ჩემს შვილს ამაღამ ოპერაცია თუ არ გაუკეთეს, მოკვდება. დღეს მასთან პაემანი არ მეკუთვნოდა, მაგრამ დირექტორის თხოვნით შევხვდი - ეგებ ოპერაციაზე დაითანხმოო. “რეზბალნიცის“ ექიმმა მითხრა, პერიტონიტი აქვს დაწყებულიო. იქაურ ექიმებს უნდობლობას უცხადებს. მხოლოდ ის მითხრა, აქაურ ექიმებს უნდობლობას ვუცხადებ, არ ვენდობი, მუდმივი ზეწოლის ქვეშ ვარ, მაწამებენ, ოპერაციას ქალაქის ტიპის კლინიკაში არ მიკეთებენ; აქ ოპერაციას არ გავიკეთებ, ქალაქის ტიპის კლინიკაში გადაყვანას ვითხოვო. ამავე მოთხოვნის შესასრულებლად რკინის ნაჭერი გადაყლაპა და პერიტონიტის დაწყების მიზეზიც ესაა. თუ შეგიძლიათ ხმის მიწვდენა, სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის, გევედრებით გააგებინეთ - ჩემს პატიმარ შვილს ამაღამ ოპერაციას თუ არ გაუკეთებენ, დილამდე შეიძლება ვეღარც გასტანოს და მოკვდეს“, - გვითხრა ლენა ბიბილურმა.