ელექტროენერგიის ტარიფი 1-ელი იანვრიდან შემცირდება

ელექტროენერგიის ტარიფი 1-ელი იანვრიდან შემცირდება

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის,  კახი კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი 1-ელი იანვრიდან შემცირდება.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, 100 კილოვატ საათზე ტარიფები 27%-ით, 300 კილოვატზე კი, 21,5%-ით შემცირდება, რაც საერთო ჯამში, გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის 3,5 თეთრით კლებას.

„ეს აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე“,- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ტარიფის კლება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების ხარჯზე.

როგორც კახი კალაძემ განაცხადა, მან მოისმინა განცხადება, თითქოს ტარიფის კლება მოხდებოდა კომპანიების მიერ, სახელმწიფოს მიმართ არსებული ვადებულებების ხარჯზე. მინისტრი განმარტავს, ეს არის სიცრუე.

რაც შეეხება გაზის ტარიფს, როგორც კალაძემ განაცხადა, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ამ ეტაპზე მან ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა.