გიორგი თარგამაძე: ელექტროენერგიის ტარიფის დაკლებას  ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებთ

გიორგი თარგამაძე: ელექტროენერგიის ტარიფის დაკლებას ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებთ

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიერ, მიღწეულ გადაწყვეტილებას, ელექტროენერგიის ტარიფის კლების შესახებ,  ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს.

აღნიშნულის შესახებ, პარტიის ლიდერის, გიორგი თარგამაძის კომენტარს, ქდმ-ის პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ცნობით, პირველ რიგში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ წლების განმავლობაში „ქრისტიან-დემოკრატების“ მცდელობა, კომუნალური საგადასახადო ტარიფების შემცირებით შეღავათი მიგვეცა მოსახლეობისთვის და ქართული ბიზნესისთვის, იყო დასაბუთებული და ამის რესურსი არსებობდა.

„წინა ხელისუფლების პოლიტიკა და დამოკიდებულება „ქრისტიან-დემოკრატების“ წინადადებებისადმი და, ზოგადად, ტარიფების თემის ხელშეუხებლობა, იყო დანაშაულებრივი ეკონომიკური საგადასახადო პოლიტიკის ნაწილი, რამაც ძალიან მძიმე დაღი დაასვა ჩვენი ქვეყნის ოჯახებისა თუ ეკონომიკის მდგომარეობას. ამდენად, მივესალმებით სატარიფო პოლიტიკის გადახედვის მცდელობას ახალი მთავრობის მხრიდან და ველით, რომ ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება ბუნებრივი აირისა და წყლის გადასახადის მიმართულებითაც“,- განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით,  ქდმ-ს ამოცანას არ წარმოადგენს მხოლოდ ყველაზე გაჭირვებული აბონენტების სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება.

თარგამაძის მოსაზრებით,  ამ პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს კომუნალური გადასახადების გაიაფება 300 კილოვატზე მეტის მომხმარებელი საშუალო ფენისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და განსაკუთრებით ქართული ბიზნესისთვის.

„ქართული პროდუქციის სიძვირის ძირითადი განმაპირობებელი საბანკო სესხებთან და სხვა მაკროეკონომიკურ პრობლემებთან ერთად არის სწორედ მაღალი ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზსა და წყალზე. ამ მხრივ,  ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითი მაინც გავითვალისწინოთ, სადაც ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებისა და ამ გზით სამუშაო ადგილების შექმნის ხელშესაწყობად ბიზნესისთვის, იურიდიული პირებისთვის ტარიფების მოცულობა კერძო აბონენტებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიერ მიღწეულ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, ვთვლით, რომ ეს არის პირველი და სრულიად არასაკმარისი ნაბიჯი იმ საერთო მიზნის განსახორციელებლად, რასაც ქვეყანაში ადეკვატური, დასაბუთებული და ყველასთვის მისაღები ტარიფების შემოღება ჰქვია“,- განაცხადა თარგამაძემ.

ამასთან,  ქდმ გამოხატავს მზადყოფნას, აღნიშნულ თემებზე მუშაობის დროს მათ ხელთ არსებული,  „წლების განმავლობაში მოკვლეული და დასაბუთებული პოზიცია“ შესაბამის უწყებებს მიაწოდონ.