კახა კახიშვილი: ლუის ნავარო საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს

კახა კახიშვილი: ლუის ნავარო საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ  NDI- ის ბოლო დროს, გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ლუის ნავარო საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს.

„რეალურად ასეთი კრახით,  კონკრეტულად რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა არასდროს დასრულებულა. წარმოიდგინეთ,  რამდენიმე თვის მანძილზე, ნავარო „ქართულ ოცნებას“ 12%- იან რეიტინგს უწერდა და  ფაქტობრივად,  მოსახლეობა მათი კვლევის შედეგებით აღშფოთებული იყო.  მე პატივს ვცემ NDI- ის, როგორც ორგანიზაციას,  მაგრამ მისი წარმომადგენელი სამწუხაროდ,  კონკრეტულად,  ერთი პოლიტიკური სუბიექტის „ნაციონალური მოძრაობის“  ინტერესებიდან გამომდინარე  მოქმედებდა და  მის ხელთ არსებული საშუალებებითა და ბერკეტებით ყველაფერს აკეთებდა,  „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დარჩენაში დახმარებოდა. აბსოლუტურად, ყველა წინა კვლევაში, რომელიც  არჩევნებამდე NDI- ის  ეგიდით ქვეყნდებოდა,  „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ახლოს  მდგომ ოპოზიციურ პარტიასთან 100% -იანი წინსწრება ფიქსირდებოდა. ეს  კვლევები უცხოელების აზრის ფორმირებას ემსახურებოდა,  რომ ნახეთ, როგორ მდგომარეობაა საქართველოში ყველა მიშას და „ნაც მოძრაობას“  უჭერს მხარსო, მაგრამ ახლა, როდესაც ნავარო სხვა სიტუაციაში დგას, პირველ რიგში,  საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს“, - განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, ერთის მხრივ, მათ რეალურად ასახეს ის ფაქტი, რაც  საქართველოში მოხდა, რომ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და მეორეს მხრივ, იქ,  სადაც დემოკრატიის ხარისხზე  და სხვა პრობლემატიკაზეა საუბარი, მდგომარეობა გააუარესეს.

„აბა,  როგორ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის  დროს,  დემოკრატიის სტანდარტი უფრო მაღალი ყოფილიყო, ვიდრე დღეს. აქედან გამომდინარე,  ნავარო ცდილობს დაიმკვიდროს  თავი საზოგადოებაში,  როგორც აქტიური საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ვფიქრობ, რომ ეს დამკვიდრება შესაძლებელია შემდგომში ისევ მისი პოლიტიკური თამაშით დასრულდეს. რეალურად,  ის ისევ შეასრულებს იმ პოლიტიკურ თამაშს, რომელშიც  კარგა ხანია მონაწილეობს“, - განაცხადა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ ალბათ, ისინი მარტში, აპრილში ან  საპრეზიდენტო არჩევნების წინ,  რეიტინგების დაკლებაზე, სხვადასხვა პრობლემატიკის წინ წამოწევასა და დემოკრატიის ხარისხის კლებაზე იმუშავებენ.

„ეს თავისთავად,  იქნება სურათი უცხოელებისათვის, რომ ხალხმა არჩევნების პერიოდში კი  მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“,  მაგრამ შემდგომში მოსახლეობა მიხვდა, რომ ხელისუფლება უსუსურია. შესაბამისად, ვურჩევ მთავრობას უფრო მჭიდრო კონტაქტში იყოს საზოგადოებასთან და რელაურად არ გაწყვიტოს იმ კონტაქტის ხაზი,  რომელიც არჩევნებამდე არსებობდა, რისი ნიშნებიც სამწუხაროდ შეინიშნება“, - განაცხადა კახიშვილმა.