მიმდინარე წელს სრულდება ჯგუფი “Queen”-ის დაარსებიდან 40 და ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან 20 წელი. ამ თარიღების აღსანიშნავად ჯგუფის წევრები სპეციალური სატელევიზიო პროექტის განხორციელებას აპირებენ. ამ ტელეპროექტში “Queen”-ის წევრები და მოწვეული მუსიკოს-შემსრულებლები ლეგენდარული ჯგუფის პოპულარულ კომპოზიციებს შეასრულებენ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პირველი პერსონალური მიწვევა მომღერალ ლედი გაგას გაუგზავნეს.
“ლედი გაგას შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ. პირველი მიწვევა მას გავუგზავნეთ და მოხარული ვართ რომ ამ შემოთავაზებაზე უარი არ უთქვამს. ერთადერთი ხელის შემშლელი მიზეზი ლედი გაგას დაძაბული და დატვირთული სამუშაო გრაფიკია. ის შეგვპირდა, რომ ამ პრობლემას თავად მოაგვარებს.” – განაცხადა ბრაიან მეიმ.
სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტას (ლედი გაგას ნამდვილი სახელი) არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ადრეული ასაკიდან “Queen”-ისა და ფრედი მერკურის თავგადაკლული თაყვანისმცემელი გახლდათ. მისი მუსიკალური გემოვნების ფორმირებაში ამ ჯგუფმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ლედი გაგას მტკიცებით, როდესაც საკუთარი ფსევდონიმის შერჩევაზე ფიქრობდა, არჩევანი “Queen”-ის კომპოზიცია “Radio Ga Ga”-ზე გააკეთა.
ბრაიან მეისა და ლედი გაგას ერთად თანამშრომლობის გამოცდილება უკვე გააჩნიათ. “Queen”-ის გიტარისტი ამერიკელ მომღერალს სინგლის “You & I” ჩაწერაში დაეხმარა. ეს კომპოზიცია ლედი გაგას ბოლო ალბომში “Born This Way” არის შესული.