ივანიშვილს ქანთარიასთვის შენიშვნა არ მიუცია

ივანიშვილს ქანთარიასთვის შენიშვნა არ მიუცია

პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიასთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით გაკეთებული განცხადების გამო  შენიშვნა არ მიუცია.

როგორც ჟურნალისტებს პრემიერმა განუცხადა, უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე, ამ საკითხზე, საუბარი არ ყოფილა.

„მაგრამ მოვუწოდებ ყველას, არა მარტო ჩემს თანაგუნდელებს, რომ ყოველგვარი უხეში გამონათქვამების გარეშე, პოლიტიკური კულტურა უნდა ვისწავლოთ. ნუკრის ძალიან კარგად ვიცნობ, კულტურული კაცია და იქნებ არც დაუღვევია არაფერი. მას ტელევიზიით ვუყურე და ყოველ შემთხვევაში თავად ასე თვლის“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა „პოლიტიკურ სუტინიორობას“ შეეშვას და რიგებიდან „ორი გოგო“ (მარიამ საჯაია და თამარ ბოკუჩავა იგულისხმა) გაათავისუფლოს.