საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზაზა გაბუნია დედაქალაქის მერიის ბიუჯეტის შეფასებისას, აცხადებს, რომ გრძელდება ის ტრადიცია, რომელიც საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით ჟონგლიორობას უკავშირდება.
როგორც from.ge-სთან საუბარში გაბუნია აცხადებს, ასე ჟონგლიორობდა უგულავა მანამდეც, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებით“ ჩანაცვლდებოდა.
„ის ყოველთვის ორიენტირებული იყო, რომ საბიუჯეტო სახსრები პარტიული ინტერესებისთვის და მისი პირადი ამოცანებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. აქამდე, ბატონი უგულავას საბიუჯეტო სახსრები საკუთარ თავზე და თავისი პარტიების ინტერესებზე მორგებული იყო. ახლაც ასე გრძელდება. უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ ეს ინიციატივები საკუთარი თავის თვითგადარჩენაზე ზრუნვას უკავშირდება“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, გიგი უგულავას ინიციატივა, 100 ლარიან ვაუჩერზე, რომელიც თვეში მხოლოდ 8 ლარი გამოდის, მოსახლეობისთვის საკმარისი არ იქნება.
„უგულავა ახლა საკუთარი პოლიტიკური იმიჯის გამოსწორებას ცდილობს, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს რომ ასე არ იყოს, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი იქნებოდა ისეთი ასოციალური და მიუღებელი, როგორიც ეს მანამდე იყო“,- განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, უგულავას აქვს მცდელობა, ხალხის გული მოიგოს და ხალხს დაავიწყოს, რომ ერთიანი ქვითარი, რომლის ავტორიც თბილისის მერიაა, არის ის პრობლემა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას უთანაბრდება.
შეგახსენებთ, დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ თბილისში მცხოვრები თითოეული ოჯახი კომუნალური გადასახადის 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს, თბილისის მერიის მიერ, დაფინანსებულ სტრუქტურების თანამშრომლებს ხელფასები 20 % გაეზრდებათ და ასევე სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაც 70 ათასს შეადგენს, 250-ლარიანი ვაუჩერიც განისაზღვრება.