საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტრო მზადაა, თითოეული მოქალაქის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით, თბილისის მერიასთან ფარგლებში ითანამშრომლოს.
ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე მოუწესრიგებელი და დაგეგმვას მოკლებული მშენებლობების გამო დედაქალაქის გამწვანებული ტერიტორიები სამშენებლო ზონებად იქცა. ბოლო პერიოდში, მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა მწვანე ზონების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების თხოვნით. გარემოს დაცვის სამინისტროს პირდაპირ დაინტერესებას წარმოადგენს ურბანული განვითარების დაგეგმვის დროს სათანადო ყურადღება მიექცეს და ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განიხილებოდეს ქალაქის გაფართოებული საზღვრების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის, მწვანე ზონების შენარჩუნებისა და შექმნის საკითხი. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო მიმართავს თბილისის მერიას: 1. ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს ყველა ალტერნატიული ვარიანტის განხილვა, ე.წ. „ნულოვანი" ალტერნატივის ჩათვლით და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს მწვანე საფარის შენარჩუნების თვალსაზრისით მისაღები პროექტების სასარგებლოდ; 2. ურბანული განვითარების გენერალურ გეგმებში ადეკვატურად იქნეს ასახული დამატებითი მწვანე ზონების განვითარების საკითხები; 3. უზრუნველყოფილ იქნეს ურბანული განვითარების დაგეგმარების პროცესის საჯაროობა კანონმდებლობის შესაბამისად და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. გარემოს დაცვის სამინისტრო მზადაა, თითოეული მოქალაქის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით, თბილისის მერიასთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს"- აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.