ინტერპოლის თბილისის ბიურომ უკრანის მოქალაქე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, კიევის ინტერპოლის მიერ, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების მითვისება-გაფლანგვის ან დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, 2011 წლის 28 აპრილიდან საერთაშორისო ძებნა-დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით 1964 წელს დაბადებული ვიქტორია ალექსანდრეს ასული ივანოვა იძებნებოდა.
2009 წლის 14 სექტემბერს უკრაინის სახელმწიფო საწარმო Ukrmedpostach-ს და კომპანია Vamed Engineering Gmbh & CO KG-ს შორის გაფორმდა 10 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება - სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების შესახებ. კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, კომპანია Ukrmedpostach-ის დირექტორმა მ.ი. პეტრენკომ, ვ.ივანოვასთან წინასწარი შეთანხმებით, სამედიცინო აღჭურვილობის უკრაინაში დარეგისტრირებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურების მიზნით, კომპანიებთან - Ukrmed და Megalain Plus -ხელშეკრულება 457.410 უკრაინული გრივნის ოდენობით გააფორმა. აღნიშნული მომსახურება ვ.ივანოვამ არ შეასრულა და გადახდილი თანხა, პირადი გამოყენების მიზნით, უკანონოდ მიითვისა.
ინტერპოლის თბილისის ეროვნული ცენტრალური ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვიქტორია ივანოვა თბილისში მიმდინარე წლის 4 დეკემბერს დააკავეს.