დავით სერგეენკო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სერგეენკო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ფინანსთა სამინისტროში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან  გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმისთვის, რომ ახალი წლიდან, საქართველოს მოსახლეობამ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვით ისარგებლოს, რისი პირობაც ჩვენ ხალხს მივეცით, აუცილებელია ჯანდაცვის დაგეგმარებამ ექსპერტიზა გაიაროს.

მინისტრის თქმით, უცხოელი ექსპერტების ხედვები და რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ასეთი ერთი შეხვედრა საკმარისი არ არის, რათა ერთმანეთს ხედვები და გეგმები გავუზიაროთ,  ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ სპეციალისტებთან. გვინდა, მათ ჯანდაცვის სფეროში ჩვენი პრიორიტეტები გავაცნოთ. მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ჯანდაცვა უნდა ამოქმედდეს და ამიტომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია“,- განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრი სოციალურად დაუცველთა უმთავრეს პრობლემას - საცხოვრებელი ფართების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ  მათი ბინებით უზრუნველყოფა ხელისუფლების დაპირება არ ყოფილა.

„ჩვენი დაპირება სოციალურად დაუცველთა არა  ბინებით უზრუნველყოფა არამედ, ზამთრის სეზონის განმავლობაში მათი ბინის ქირით უზრუნველყოფა იყო, რასაც ვასრულებთ კიდეც. ამჟამად, 1000 ოჯახს ბინის საქირავებელი თანხა უკვე გადაერიცხა. განხილვის პროცესში კიდევ 800 განცხადებაა და ვცდილობთ, ის ოჯახები,  რომლებსაც დახმარება ნამდვილად სჭირდებათ, ობიექტურად შეირჩეს“,- განაცხადა  სერგეენკომ.