საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ოპონენტებს მოუწოდებს ე.წ. მუხროვანის საქმესთან დაკავშირებულ ხალხს გმირებად ნუ გამოიყვანენ.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დადგენილების პროექტის განხილვისას, თარგამაძემ განაცხადა, ის იმედოვნებდა, რომ სიიდან ე.წ. მუხროვანის ეპიზოდთან დაკავშირებული ხალხი ამოვიდოდა.
მისი თქმით, დაუშვებელია იმ ადამიანების გმირებად შერაცხვა, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ებრძვიან.
„ამ ადამიანებს, ნუ გამოვიყვანთ გმირებად. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ებრძვიან, სხედან და უნდა ისხდნენ ციხეში. ერთ-ერთმა მათგანმა პირისპირ მითხრა, რომ რუსეთის კაცია და შეუძლია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ეს გინდათ? გინდათ რუსეთთან ურთიერთობა მან დაგილაგოთ? ეს ადამიანი რეციდივისტია საკუთარ სამშობლობასთან ბრძოლაში“, - დასძინა კანონმდებელმა.
ამ წუთებში, პარლამეტში პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საქმეებთან დაკავშირებული დადგენილების პროექტს იხილავენ. მუხროვანის ეპიზოდთან დაკავშირებით პოლიტპატიმრის სტატუსი კი მიენიჭებათ - შოთა გორგიაშვილს, ბესიკ ფოცხვერაშვილს, ზვიად ჯაჭავაძეს, ირაკი თოფურიძეს, ალექსანდრე ბეგოანიას, ბექა გრიგალაშვილს, ნიკოლოზ ბიბილაშვილს, ზურაბ მიქაძეს, ზაზა მურჯიკნელს, ვანო საბაშვილს, ვაჟა საგინაშვილს, იმედა საგინაშვილს, კობა ოთანაძეს, პაატა ხოხაშვილს, ზურაბ ბზიშვილს, გიორგი სამადალაშბვილს, კახა ჯოლბორდს, კახა დვალს, ლევან ამირიძეს და ვაჟა ხუცურაულს.