ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძე დედაქალაქის მერიის ბიუჯეტის შეფასებისას, რომლის თანახმადაც, მომავალ წელს თბილისში მცხოვრები თითოეული ოჯახი კომუნალური გადასახადის 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს და თბილისის მერიის მიერ, დაფინანსებულ ყველა უწყებაში ხელფასები 20%-ით გაიზრდება, აცხადებს, რომ წლების წინ, თბილისის ბიუჯეტი რაციონალურად, რომ დახარჯულიყო ამ ინიციატივის განხორციელებაც გასულ წლებშიც შესაძლებელი იყო.
„თბილისის ბიუჯეტში სერიოზული რესურსი არსებობს და ცხადია, ამის გაკეთება შეიძლება. კარგია, რომ ქალაქის მერი ასე ალაპარაკდა. 100 ლარიანი ვაუჩერი შეიძლება ხსნა არაა, მაგრამ გაჭირვებული ოჯახებისთვის ეს რაღაცას მაინც ნიშნავს. რაც შეეხება იმას, რომ მერიის სამსახურებში ხელფასები 20% ით გაიზრდება, ესეც გასაგებია, მე არ ვეწინააღმდეგები ხელფასების ზრდას, მაგრამ სწორი ეკონომიკური და სწორი სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს. მივიჩნევ, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ნაბიჯები გადაიდგას, ამისთვის შეიძლება იყოს მუნიციპალური პროგრამები და აშ. ვიდრე ხელფასების ზრდა“, - განაცხადა გიორხელიძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერის ამ განცხადებებს პოლიტიკური დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რაც კი ბერკეტი გააჩნია გამოიყენოს, რათა მომხიბვლელი გამოჩნდეს.
„ეს პოლიტიკაა. მთავარია, ახალმა ხელისუფლებამ, რომლის ხელშიც გაცილებით მეტი ბერკეტია გონივრული ნაბიჯები გადადგას და ასეთ ცალკეულ ინიციატივებს, თუ გნებავთ თბილისის მერიის საპირისპიროდ, გაცილებით ფართომასშტაბიანი, ქვეყნების ყველა მოქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა გიორხელიძემ.