თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „საუკუნის ძარცვის" ფაქტზე 5 ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, დღეს სასამართლომ თურქეთის ქალაქ ორდუს საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასი ნივთების ქურდობის გამო ბრალდებულები - ვახტანგ ფურცელაძე, ვახტანგ ირემაძე, მერაბ ლაშქარეიშვილი და ამჟამად ძებნაში მყოფი პირები - გაგა ავალიანი და ლაშა გელხვიძე დამნაშავეებად ცნო.
„მათ ბრალად ედებოდათ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ორდუს საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასი ნივთების ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა, ბ). ბრალდებულ ვახტანგ ფურცელაძეს ასევე ბრალად წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე") და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი). საქმის მასალების მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2012 წლის იანვარში, ბრალდებულებმა საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასი ნივთების ქურდობის მიზნით, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს და შეკავშირდნენ. 2012 წლის 5 მარტს ქალაქ ორდუში, თურქეთის დროით დაახლოებით, 03:00 საათზე, საქართველოს მოქალაქეებმა - ვახტანგ ფურცელაძემ, ვახტანგ ირემაძემ, მერაბ ლაშქარეიშვილმა, გაგა ავალიანმა და ლაშა გელხვიძემ წინასწარ გათხრილი გვირაბით საიუველირო მაღაზიაში შეაღწიეს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 639005,6 თურქული ლირის (606799,7 ლარი) ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობებს, 5000 თურქული ლირას (4748 ლარი) ნაღდი ფულის სახით და 4000 თურქული ლირის (3798,4 ლარი) ღირებულების იარაღს ფარულად დაეუფლნენ. აღნიშნულმა პირებმა (გიორგი ხარატიშვილის გარდა, რომელიც 2012 წლის 27 თებერვალს შემოვიდა საქართველოში) სასაზღვრო-გამშვები პუნქტ ”სარფის” გავლით, დანაშაულის ჩადენის დღესვე შეძლეს საზღვრის გადმოკვეთა და მოპარული ნივთების საქართველოში შემოტანა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული ნივთებიდან 430 გრამი ოქროს ნაკეთობების რეალიზება მალევე მოახერხეს, ვახტანგ ფურცელაძემ ე.წ ”სამეული” ერთ-ერთ ნათესავს აჩუქა, ხოლო ერთი ნაკეთობა (ბეჭედი) ახლობლის საცხოვრებელ სახლში დარჩა. მოპარული ძვირფასეულობის ნაწილს მერაბ ლაშქარეიშვილი საცხოვრებელ სახლში ინახავდა და პარალელურად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოპარული ნივთების რეალიზაციის თაობაზე მოლაპარაკებებს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ნ.-სთან აწარმოებდნენ. გამოძიების პროცესში ნაქურდალი ოქროს ნივთები ამოღებული იქნა მერაბ ლაშქარეიშვილის მშობლების საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ასევე ოქრომჭედლისგან, რომელმაც აღნიშნული ნივთები შეიძინა ვახტანგ ფურცელაძისგან და საქმეზე მოწმის სტატუსის მქონე რამდენიმე პირისგან, ვახტანგ ფურცელაძის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი" - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
საქალაო სასამართლოს ინფორმაციით, „აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებულ გიორგი ხარატიშვილთან მიმართებაში საქმის არსებითი განხილვისას ბარლდების მხარემ ბრალდებაზე უარი თქვა და აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა".
„თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, ვახტანგ ფურცელაძეს, რომელსაც ასევე ნარკოტიკული დანაშაული ედებოდა ბრალად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 12 წლით აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ვახტანგ ირემაძეს, მერაბ ლაშქარეიშვილს, ასევე, ძებნაში მყოფ გაგა ავალიანს და ლაშა გელხვიიძეს სასჯელის სახით თავისუფლების 7 წლისა და 6 თვის ვადით აღკვეთა განესაზღვრათ" - ნათქვამია განცხადებაში.