უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნო პერიოდში დაჯარიმებული პირები დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლდებიან, პოლიტიკური ნების თვითნებური და უხეში დამკვიდრებაა.
როგორც მან from.ge-ს განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტის გათვალისწინებით, ორ სახელმწიფო ინსტიტუციას შორის კონფლიქტი იკვეთება და უმჯობესი იქნებოდა, ყველა საქმე ინდივიდუალურ რეჟიმში სასამართლოს შეესწავლა.
„ამით ვხედავ კონფლიქტს ორ სახელმწიფო ინსტიტუციას შორის. უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი გადასინჯულიყო სასამართლო წესით და ჯარიმები სასამართლოს გაეუქმებინა ინდივიდუალურ რეჟიმში. როდესაც კანონმდებელი ხელაღებით და ცალსახად, კანონში ცვლილების გზით აკეთებს ამას, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური ნების ძალიან თვითნებურად და უხეშად დამკვიდრება. ინდივიდუალურად მოხდა ამ ჯარიმების დაკისრება და მათი გაქარწყლებაც ასევე უნდა მომხდარიყო. თუმცა, ასეთია პოლიტიკური დაკვეთა და ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ „ჩემი ნების გატანა მინდა და შემიძლია“ - განუცხადა from.ge-ს მუხაშავრიამ.
მისივე განმარტებით, თუკი ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდებოდა თითოეული ჯარიმის შესწავლა, გამოიკვეთებოდა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც, რომელთაც კონკრეტულ პირებს ჯარიმები უკანონოდ დააკისრეს. როგორც მუხაშავრიამ აღნიშნა, კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის გზით, ასეთი რამ არ მოხდება.
„თუკი ინდივიდუალურად მოხდებოდა დაკისრებული ჯარიმების გაუქმება, მაშინ უკვე იოლი იქნებოდა ბრალეულობის გამოკვეთა და დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ამგავრი წესით ჯარიმების გაუქმება კი, უკვე სამართლებრივ შედეგებს ვეღარ მოიტანს“ - განმარტა მუხაშავრიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი სამართლებრივი თვალსაზრისით, ქვეყნის არასტაბილურობაზეც მიუთითებს, რადგან 1 ოქტომბრამდე და მას შემდეგ, სახელმწიფოს ნება რადიკალურად განსხვავებულია.
„სახელმწიფოს ნება, რომელიც 1 ოქტომბრამდე ერთი იყო და ახლა, 1 ოქტომბრის მერე სრულიად საპირისპიროა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ქვეყნის არასტაბილურობის ძალიან მკაფიო გამოხატულებაა და აი ეს არის სამწუხარო“ - აღნიშნა მუხაშავრიამ.
წინა პარლამენტის მიერ მიღებული - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის საფუძველზე წინასაარჩევნო პერიოდში დაჯარიმებული ფიზიკური თუ იურიდიული პირები დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლდებიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილება - „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობაა.
ცვლილებებით, სახდელისაგან გათავისუფლება როგორც აღუსრულებელ, ასევე აღსრულებელ ნაწილსაც ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირებს, რომელთა მიმართ ფინანსური სანქციები უკვე გამოიყენეს, ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი თანხები ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდებათ. ამასთან, უქმდება მათ მიმართ განხორციელებული ყველა იძულებითი სახის ღონისძიება - ყადაღა, ინკასო და ასე შემდეგ.