საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
„3 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს თბილისსა და მოსკოვში გაკეთდა რამდენიმე საყურადღებო განცხადება საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა თემაზე, რაც, ჩვენი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ მხარეები ფიქრობენ ამ ურთიერთობებში შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალის ძიებაზე.
ბატონი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადება არ უწყობს ხელს ორმხრივი დიალოგის აღდგენას წინაპირობების გარეშე. ამასთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო, რომ ოფიციალური თბილისი არ აყენებს არანაირ წინაპირობას ახალი ფორმატის დიალოგის დასაწყებად. ამ კონტექსტში გაუგებარი იქნება, თუკი რუსეთის მხარე მოითხოვს ჩვენგან წინაპირობის სახით ე.წ ახალი რეალობების აღიარებას, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან შეგუებას.
ფაქტია, რომ აღნიშნული რადიკალურად განსხვავებული პოზიციები არ ქმნის „საუკეთესო" ფონს დიალოგის აღსადგენად. მაგრამ დიპოლომატიის მოწოდებაც ხომ "მოჯადოებული წრეეებიდან" გამოსავალის ძიებაა. გარდა ამისა არის მრავალი პრობლემა, რომელთა განხილვა და მოწესრიგება განსაკუთრებულ ფანტაზიასა და უნარს არ საჭიროებს. ესენია რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ტერორიზმის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა და სხვა.
არ არსებობს მზა ან მარტივი რეცეპტი შექმნილი რთული ვითარების დაძლევისა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საჭიროა რუსულ მხარესთან დიალოგი და ერთობლივად გამოსავალის ძიება. სწორედ ამიტომაც დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ასე გვესახება საქმის ვითარება და პასუხი ბატონ ლავროვის კითხვაზე, თუ "კონკრეტულად რის და როგორ გაკეთებას გვთავაზობენ". რაც შეეხება ქართველი ხალხის მიმართ გამოთქმულ სიმპათიებს, გვსურს დავადასტუროთ, რომ რუსი ხალხის მიმართ საქართველოში იყო და არის მეგობრული განწყობა"-აცხადებს ზურაბ აბაშიძე.