ბაჩო ახალაიას მეუღლე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს

ბაჩო ახალაიას მეუღლე იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს.

„თეა წულუკიანმა და არჩილ კბილაშვილმა ბაჩო ახალაიას პირდაპირ ეთერში დამნაშავე უწოდეს. მათ პირდაპირ ეთერში არაერთხელ გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი ისე, რომ არ დაელოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. წულუკიანმა ის მონსტრადაც კი მოიხსენია, თუმცა აღნიშნულ ტერმინს ქართული სამართალწარმოება დღემდე არ იცნობდა" - აცხადებს ნადარეიშვილი.

მისივე თქმით, ბოლო დროს განხორციელებული დაკავებებისას ხელისუფლება შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს და ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებები პოლიტიკური მიზნით განხორციელდა. ნადარეიშვილის თქმით, საკვირველია, თუ რატომ არ ინტერესდებიან ამ საკითხებით ქართული არასამთვარობო ორგანიზაციები.

ამასთან, ანი ნადარეიშვილი მოითხოვს გავრცელდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა ე.წ. "ცოცხების კადრებთან" დაკავშირებით.

„ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც დღემდე უცნობია ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა აღნიშნული კადრების ნამდვილობაზე. ასევე, დღემდე გაუხსნელია კახეთში ცხრა თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეც" - განაცხადა ნადარეიშვილმა.