ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს კოჰაბიტაციისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხდა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. ოქტომბერში საქართველომ ჩააბარა მნიშვნელოვანი ტესტი. მან ჩაატარა არჩევნები, რომელიც იყო თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი ტესტი. ამასობაში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, იმუშაონ ერთად, შეინარჩუნონ ეს ბიძგი, იმუშაონ კოჰაბიტაციურად, გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რომლებიც იქნება შესაბამისობაში მაღალ დემოკრატიული სტანდარტებთან, მათ შორისაა, კანონის უზენაესობა და კონსტიტუციის სრული პატივისცემა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლისთვის"- განაცხადა რასმუსენმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს მჭიდრო პარტნიორია, რომელმაც გააორმაგა თავისი კონტრიბუცია ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და უკვე შეუერთდა 2014 წლის შემდგომი მისიის დაგეგმვის პროცესს.