სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ისრაელის ელჩი მიიღო.
მისმა უწმინდესობამ ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი და მისი მეუღლე მცხეთის საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო.
ისრაელის ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიმართ სახალხო დიპლომატიის მიმართულებით ისრაელ-საქართველოს შორის ურთიერთობათა გაღრმავების საქმეში.
მისმა უწმიდესობამ აღნიშნა, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა მრავალათასწლიანი ძმური თანაცხოვრებით არის გამყარებული და ერებს შორის არსებული ეს მეგობრული ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებსაც უწყობს ხელს.
„მინდა, დაგარწმუნოთ თქვენო აღმატებულებავ, რომ ქართველი ხალხი და საქართველო მუდამ მხარს უჭერდა ისრაელის სახელმწიფოს და მომავალშიც ასე იქნება“, - განუცხადა ელჩს მისმა უწმიდესობამ.
მისმა უწმიდესობამ ისრაელის ერს ხანუქის დამდეგი დღესასწაული მიულოცა და ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ელჩს სიმბოლურად ცხრა სანთელი გადასცა.
შეხვედრას კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ესწრებოდა.