მომავალ წელს თბილისში მცხოვრები ოჯახები კომუნალური გადასახადის 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. ეს დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტითაა გათვალისწინებული, რომლის პროექტსაც ამ წუთებში თბილისის მერიაში განიხილავენ. როგორც ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაც 70 ათასს შეადგენს, 250-ლარიანი ვაუჩერიც განისაზღვრება.
„ბიუჯეტი ითვალისწინებს ე.წ. კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისურ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო ვისაც სარეიტინგო ქულა 70 ათასი აქვს, მიიღებს 250-ლარიან ვაუჩერს. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა კომუნალური გადასახადები კვლავ წარმოადგენს ნომერ პირველ პრობლემას ჩვენი მოსახლეობისთვის. მე მხოლოდ მივესალმები ცენტრალური მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ამ კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს, თუმცა თუ ეს ვერ განხორციელდა, ყველა შემთხვევაში ეს ვაუჩერი არსებითი შეღავათი იქნება" - განაცხადა გიგი უგულავამ.
მერია ბიუჯეტის 2013 წლის პროექტს საკრებულოს წევრებთან ერთად განიხილავს. არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობას მომავალ წელს 50 მილიონით შემცირებული ბიუჯეტი ექნება და ის 640 მილიონი ლარით განისაზღვრება.