საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, ახალ ხელისუფლებას დემოკრატიულმა სამყარომ ყვითელი ბარათი უკვე უჩვენა, თუმცა, სჯობს, ეს ყვითელი ბარათი წითელ ბარათში არ გადაზარდონ.
როგორც დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ახალ მთავრობას საბჭოთა მეთოდებით ხელმძღვანელობას ამჩნევს.
მისი თქმით, ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება იმ კრიტიკის ქარ-ცეცხლს ჯიუტად არაფრად აგდებს, რომელიც დემოკრატიული სამყაროს მხრიდან თავს დაატყდა.
„ამ კრიტიკაზე თქვენი პასუხი არაადეკვატური და სამარცხვინოა. ეს არის პრემიერის მიერ არაადეკვატურ პრესკონფერენციაზე ტოლობის ნიშნის დასმა რეპრესიებსა და ჩვენი პარტიის საქმიანობას შორის, გაურკვეველი საერთაშორისო შეთქმულებების ძიება, რის გამოც თქვენს პარტიას მთელი საერთაშორისო პრესა აბუჩად იგდებს, გაუთლელი და საბჭოთა სკოლაგამოვლილი რუსი ჩინოვნიკებისთვის დამახასიათებელი რიტორიკა, რომ დასავლელ ლიდერებს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ. ამ კრიტიკაზე თქვენი პასუხია საბჭოთა სტილის პროპაგანდის დეპარტამენტის შექმნა კანცელარიაში, რომელსაც ცნობილი კრემლოფილი ვინმე გორგილაძე უხელმძღვანელებს“, - დასძინა კანდელაკმა.