კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, გოგი ხუციშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, ქართული მხარის მიერ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადება დიალოგის დასაწყებად არასასურველი რიტორიკაა, აცხადებს, რომ ლავროვის ეს განცხადება, დამაბრკოლებელ გარემოებად და ისევ ბლოკის შემქმნელად გამოიყურება, რადგან იციან, რომ ეს მტკივნეული საკითხია, რომლებზეც ქართველები უკან არ დაიხევენ.
როგორც ხუციშვილმა from.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამ შემთხვევაში, ყველაფერი გაყინულ და სტატუსკვოს მდგომარეობაში გვრჩება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მდგომარეობიდან დიპლომატიური გამოსავალი არსებობს.
„დიპლომატიური გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, ყველგან ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და ამიტომ, ოკუპირებული ტერიტორიების თემა, ამ შემთხვევაში, შეიძლება მოლაპარაკებათა შემადგენელი ნაწილი არ იყოს, სანამ ის მომენტი არ დადგება, რომლის დროსაც, ამაზე უკვე საუბარი შესაძლებელი იქნება. ეს არავითარ შემთხვევაში, ჩვენს პოზიციაზე უარის თქმას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ შენ, ეს საკითხი გადადებული გაქვს და ამ საკითხზე საერთოდ არ საუბრობ, სანამ პირობები არ მომწიფდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.
კონფლიქტოლოგის თქმით, ამჟამად, ტერიტორიებთან დაკავშირებით, კონსესუსი ვერ მიიღწევა და უმჯობესია, თავდაპირველად, რუსეთთან სხვა საკითხების მოგვარებაზე ვიზრუნოთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია ამაზეც არ წამოვა, მაშინ გამოდის, რომ ბარიერებს ისინი ხელოვნურად ქმნიან.
„ჩვენს წინადადებებში უნდა იყოს ასეთი რამ, რომ თქვენ, გაქვთ თქვენი შეფასება და სტატუსი ამ ტერიტორიებისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტატუსი და შეფასება. ე.ი. ამაზე ვერ შევთანხმდეით და კომპრომისამდე ვერ მივალთ, ამიტომ ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით არ ვისაუბროთ და წინაპირობადაც ნუ განვიხილავთ. ამ ეტაპზე, ეს მაინც ვერ მოხდება, რადგან პრაქტიკულად ჩვენ, ისევ გაყინულ მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ახლა, რუსეთის ფედერაციას სურს ისეთი მდგომარეობა წარმოაჩინოს, რომ ჩვენ არაკონსტრუქციულად ვიქცევით, მაგრამ პირიქით, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ვითარება, რომლის დროსაც არაკონსტრუქციულობა უკვე მათ მიეწერებათ და ნათელი გახდება, რომ არაკონსტრუქციულად ისინი იქცევიან.
კითხვის პასუხად, ლავროვის ამ განცხადების შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა საქართველოს ხელისუფლების ამა თუ იმ ნაბიჯზე შემხვედრი ნაბიჯი და პოზიტიური სიგნალი, ხუციშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში, უფრო მეტი მზადყოფნა არსებობს, იმისათვის, რომ ეს პროცესი დაიძრას.
„ლავროვის განცხადებას, თუ მაგალითად, მედვედევისა და კარასინის მიერ, გაკეთებულ განცხადებებთან ერთად განვიხილავთ, რომლებიც ლავროვთან შეუთანხმებელი არ იქნებოდა, გამოდის, რომ ისინი უფრო იმედის მომცემი განცხადებები იყო, თუმცა ეს განცხადებები საერთო ჯამში, რომ განვიხილოთ, ვფიქრობ, გამოდის, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, პირველი დიპლომატი ცდილობს, რომ უფრო უკომპრომისო პოზიცია დაიკავოს, რათა რაღაც ეჭვები ჩრდილო კავკასიაში ან თუნდაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ შექმნას, რომ შესაძლოა ისინი რაიმე დათმობაზე წავიდნენ, მაგრამ სინამდვილეში, უფრო მეტი მზადყოფნა არსებობს, იმისათვის, რომ ეს პროცესი დაიძრას“,- განაცხადა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ როცა ამ ორ ქვეყანას შორის, ურთიერთობები, რაღაც დონემდე განვითარდება და მათ შორის, ოდნავი ნდობა გაჩნდება, ამ მტკივნეულ საკითხს ასეთ პირობებში უნდა დავუბრუნდეთ.