გიგა ახვლედიანის მიმართ, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას მხრიდან ანგარიშსწორებას აქვს ადგილი, რის გამოც, უმცირესობა მის მიმართ საწინააღმდეგ კამპანიას ეწევა.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციამ ახვლედიანს „ჯალათი“ უწოდა და მას ბრალი თვითმართველობებზე ზეწოლაში დასდო.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ვინმე“ გიგა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეა და ის თვითმართველობებზე არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს.
„ახვლედიანს თავად ველაპარაკე და მსგავსი ბრალდება კატეგორიულად უარყო. ეს ყველაფერი კი, თითიდან გამოწოვილია და მის მიმართ უგულავასა და მერაბიშვილის მხრიდან, ანგარიშსწორებას აქვს ადგილი. რაც შეეხება საფინანსო პოლიციის საქმიანობას, ეს უწყება თქვენს დროს, იყო რეპრესიული მანქანა და არა ახლა“, - მიმართა უმცირესობას ჩიქოვანმა.
ამასთან, გიგა ახვლედიანის საკითხს, ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეპრესიული მანქანა წინა ხელისუფლებამ შექმნა და ამჟამად უმცირესობა მიზანმიმართულ დემაგოგიას ეწევა.
„თქვენ მარგინალიზაციის გზით მიდიხართ და სჯობს, ეს სვლა შეწყვიტოთ“, - მიმართა უმცირესობას აბაშიძემ.