საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეწოლას კვლავ აგრძელებს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თაქთაქიშვილმა განაცხადა, საჯარო მოხელეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების დაშინება იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის, სადაც ადამიანის უფლებები და კანონი არ არსებობს.
მისი ინფორმაციით, გადაყენებულია - 13 საკრებულოს თავმჯდომარე, ხუთი გამგებელი, ერთი საკრებულოს თავმჯდომარისა და ერთი გამგებლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ბევრ სხვას კი, ემუქრება ჯალათი ვინმე გიგა ახვლედიანი, რომელიც გამოყენებულია ადგილობრივი თვითმმართველობების დაშინების მიზნით.
„იგი, ხადურის მრავალი რაზმიდან, ფინანსური პოლიციის იმ რაზმის ხელმძღვანელია, რომელიც თანამდებობაზე დაშინების მიზნით დაინიშნა. მიმდინარეობს ფინანსური რევიზია და საქმეების შეთითხნა, თითქოს იყო დარღვევები. ამგვარ ქმედებებს დემოკრატიულ განვითარებასთან საერთო არაფერი აქვს“, - დასძინა დეპუტატმა.