საპარლამენტო უმცირესობა პოლიტდევნილებთან და პოლიტპატიმართებთან დაკავშირებით, მომზადებული დადგენილების პროექტის მომავალი სესიისთვის გადადებას ითხოვდა, თუმცა, საკითხს კენჭი უყარეს და საკითხის განხილვა დღეს მოხდება.
როგორც პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, დადგენილების პროექტი სხდომის დაწყებამდე სამი წუთით ადრე დარიგდა და მათ საშუალება არ მიეცათ, რომ დოკუმენტს გაცნობოდნენ.
„ეს საკითხი უნდა გადაიდოს, რათა საშუალება მოგვეცეს, რომ დოკუმენტს გავეცნოთ“, - დასძინა მან.
თაქთაქიშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, კომიტეტის არცერთ სხდომას თაქთაქიშვილი არ დასწრებია და პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სია ორშაბათის ბიუროს სხდომაზეც იყო წარდგენილი.
„დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ეს დოკუმენტი ენახათ, თაქთაქიშვილის განცხადება კი, არასერიოზული და უპასუხისმგებლოა“, - განაცხადა მან.
ბესელიას კი, უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიუროს სხდომაზე წარდგენილი ყველა მასალა მან თან წაიღო, მაგრამ სია არ იყო წარდგენილი და ეს სია საორგანიზაციაო დეპარტამენტს მხოლოდ დღეს წარუდგინეს.
დეპუტატთა განცხადებებს, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვისაც დოკუმენტის გაცნობა სურდა, მას შეეძლო დოკუმენტი მიეღო.
„რაში ნახეთ აღმოჩენა უცნაურია. თქვენი განცხადებები კი, არასერიოზულია. თქვენ მიზეზს ეძებთ“, - მიმართა ოპოზიციას საგანელიძემ.