საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო სხდომა დასრულდა. დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა იგი მოსამართლემ არ დააკამაყოფილა.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განმარტებით, შესაძლოა, აღნიშნულმა პირებმა კვლავ სცადონ მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება ან მტკიცებულებების განადგურება, რაც ხელს შეუშლის გამოძიებას.
მოსამართლის არგუმენტი უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარემ. ადვოკატების განცხადებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს. მათ მოსამართლის აცილება მოითხოვეს, რასაც ბრალდებულებიც დაეთანხმნენ. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„დავაყენე შუამდგმოლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, მაგრამ ეს შუამდგომლობაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პროცესზე უცნაური ვითარება იკვეთება. გარდა ამისა, ბრალდებას წარადგენს ისევ ის პროკურორი, რომელმაც წინსაწარი გამოძიების დროს ბრალი წაუყენა ირაკლი ოქრუაშვილს და მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში და როცა პროკურატურა გვპირდება, რომ შეისწავლის და გადახედავს ძველ საქმეებს, ამ საქმეზე ისევ ძველი პროკურორის გამოშვება ობიექტური არ არის“ - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, აღნიშნულ საქმეზე კიდევ შვიდი პირია ბრალდებული, რომელთა შორის ერთი მიმალვაშია. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და მეთაურობა ედება, დანარჩენებს კი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შემდეგი პროცესი საქალაქო სასამართლოში 10 დეკემბერს 10:00 საათზე გაიმართება.