უფლებადამცველმა და პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრმა გიორგი თევზაძემ მონიტორინგის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარობაში მყოფი გიორგი დემეტრაძე მოინახულა.
დემეტრაძის განცხადებით,ის მოლოდინშია, რომ მალე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, თუმცა წუხს იმაზე, რომ ბევრი უდანაშაულო ადამიანი ისევ ციხეში რჩება. ზოგადად პატიმარი თავს ნორმალურად გრძნობს, ნორმალურ პირობებშია და აცხადებს, რომ რადიკალურად დადებითად შეიცვალა პატიმართა მიმართ მიდგომები ადმინისტრაციის მხრიდან, მიმდინარე წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ.
„ჩემთან ერთად დაკავებული იქნა სრულიად უკანონოდ დათუნა გაგნიძე, რომელიც არ არის პოლიტპატიმრების სიაში, თუმცა არის ჩემთან ერთად გასამართლებული სისხლის სამართლის საქმეზე და სამართლიანობა მოითხოვს ერთიანი მიდგომა იყოს გამოყენებული ჩემს და მის მიმართაც“,- აღნიშნავს დემეტრაძე გიორგი თევზაძესთან საუბარში.
გიორგი თევზაძის განცხადებით, გიორგი დემეტრაძის ადვოკატმა უკვე მიმართა პროკურატურას საქმის ხელახალი გადახედვის თაობაზე,რათა მოხდეს დემეტრაძესთან ერთად უდანაშაულოდ დაკავებული გაგნიძის გვარის პოლიტმატიმართა სიაში ჩასმა.