საარჩევნო პერიოდში დაჯარიმებული პირები დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლდებიან

საარჩევნო პერიოდში დაჯარიმებული პირები დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლდებიან

წინა პარლამენტის მიერ მიღებული  - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის საფუძველზე წინასაარჩევნო პერიოდში დაჯარიმებული ფიზიკური თუ იურიდიული პირები დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლდებიან.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება - „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობაა.

ცვლილებებით, სახდელისაგან გათავისუფლება როგორც აღუსრულებელ, ასევე აღსრულებელ ნაწილსაც ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირებს, რომელთა მიმართ ფინანსური სანქციები უკვე გამოიყენეს, ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი თანხები ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდებათ.

ამასთან,  უქმდება მათ მიმართ გახორციელებული ყველა იძულებითი სახის ღონისძიება - ყადაღა, ინკასო და ასე შემდეგ.

პროექტის ავტორთა განმარტებით, ცვლილება გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან  2012 წლის პირველ ოქტომბრამდე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო თანხა 144 316 688 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან აღსრულების პროცესშია საქმეები 133 790 769 ლარზე. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონის მიღების საფუძველზე სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება უჩნდება და მან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბიუჯეტიდან უკან ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი 10 525 919 ლარი უნდა დაუბრუნოს.