რიჩარდ ნორლანდი საგარეჯოში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის

რიჩარდ ნორლანდი საგარეჯოში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ–ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი საგარეჯოში დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის.

აშშ-ის საელჩოს ცნობითვე, საგარეჯოში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ამერიკის მთავრობა აფინანსებს.

ის ერთ-ერთია იმ ათი ცენტრიდან, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნა და საზოგადოებას საჭირბოროტო საკითხების ღია განხილვისათვის ხელსაყრელ ადგილს სთავაზობს.

ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიული ჩართულობის 10 ცენტრის დასაფინანსებლად ამერიკის მთავრობამ 5 მილიონი დოლარი გამოყო.

დიალოგის ხელშეწყობის პროცესი მიზნად ისახავს მოქალაქეთა დემოკრატიული ჩართულობის წახალისებას და გამჭვირვალობის ამაღლებას.

საგარეჯოში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გახსნის შემდეგ აშშ-ის ელჩი დაესწრება განხილვას, სადაც ოჯახურ და ქალთა წინააღმდეგ ძალადობაზე ისაუბრებენ.

განხილვა საერთაშორისოდ აღიარებულ „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის“ 16-დღიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

დემოკრატიული ჩართულობის თითოეული ცენტრი აღჭურვილია ბიბლიოთეკითა და ინტერნეტით, რაც საზოგადოებრივ ჯგუფებს ხელს შეუწყობს,  შეუფერხებლად გადაჭრან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში დასაქმებული არიან პროფესიონალი თანამშრომლები. ისინი ორგანიზებას უწევენ შეხვედრებს სხვადასხვა საკითხებზე, დისკუსიებისათვის იწვევენ პოლიტიკური პარტიების წევრებსა და კანდიდატებს. საზოგადოებას, სამოქალაქო ორგანიზაციებს, არაფორმალურ საზოგადოებრივ  ჯგუფებს, პოლიტიკური პარტიების წევრებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს შეუძლიათ, უსასყიდლოდ გამოიყენონ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები შეხვედრების გასამართად.

ყოველ ცენტრში გამოკრულია ქცევის კოდექსი, რითაც სტუმართა ქცევის წესები მკაფიოდ არის განსაზღვრული.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მეშვეობით აშშ–ის მთავრობა ეხმარება ქართველ ხალხს,  აქტიურად ჩაებას საკუთარი ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობაში. ცენტრების მომსახურება უფასოა. პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.