აშშ-ს საელჩო: იმედის მომცემია შეთანხმება, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის საკითხზე

აშშ-ს საელჩო: იმედის მომცემია შეთანხმება, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის საკითხზე

შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, იმედის მომცემია საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის შეთანხმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის საკითხზე  - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს სტაბილურობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ორივე მხარის უნარზე, იპოვოს კომპრომისი ეროვნული ინტერესებისათვის. ბრიუსელში, ნატოს საგარეო მინისტრთა შეხვედრის პარალელურად მიღწეული ეს შეთანხმება იმედს გვაძლევს" - ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაინიშნა. მისი კანდიდატურა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გუშინ წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ძნელაძის კანდიდატურა თავდაცვის მინისტრმა და პრეზიდენტმა კონსულტაციების შედეგად შეარჩიეს.

ირაკლი ძნელაძე შეიარაღებულ ძალებში 20 წელია, მსახურობს. სხვადასხვა დროს ის ასევე მუშაობდა სახმელეთო ძალებსა და გაერთიანებულ შტაბში, ასევე იყო უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშე.