ირაკლი ოქრუაშვილი ადვოკატის განცხადება

ირაკლი ოქრუაშვილი ადვოკატის განცხადება

აღნიშნული განცხადების გაკეთების საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ 2012 წლის 3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია,   საქართველოს პარლამენტის მიერ დასამტკიცებელ პოლიტპატიმართა სიიდან ირაკლი ოქრუაშვილის  ამოღების შესახებ.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არ აპირებდა და არ აპირებს აღნიშნული სიით სარგებლობას იმ მიზნით, რომ ამ გზით მოიხსნას სასჯელი, რომელიც მას შეფარდებული აქვს სასამართლოს მიერ, ან შეიძლება შეეფარდოს მომავალში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ის დაბრუნდა საქართველოში, წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და სამართლებრივი გზით დაიწყო თავისი უდანაშაულობის მტკიცება.

ამასთანავე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის გაურკვეველია ზემოთაღნიშნული სიის ჩამოყალიბების კრიტერიუმები და ის გარემოება, თუ რატომ ცვლის საქართველოში ჩამოსვლა პირის პოლიტპატიმრის სტატუსს. კერძოდ, თუ ირაკლი ოქრუაშვილი ან სხვა პირები, რომლებიც პოლიტდევნილები არიან, არ ჩამოვიდოდნენ საქართველოში,  შეიძლება მოხვედრილიყვნენ ამ სიაში, ხოლო თუ დაბრუნდებოდნენ, სიაში ვერ მოხვდებოდნენ.

პოლიტპატიმრის სტატუსს განსაზღვრავს არა პირის ადგილსამყოფელი ან მისი საქმის კვალიფიკაცია, არამედ ის ფაქტი, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა და პატიმრობა შეეფარდა პოლიტიკური მოტივით. ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღნიშნული დადასტურდა ფრანგული მართლმსაჯულების მიერ, როდესაც უარი ეთქვა ქართული მხარის მოთხოვნას მისი გადმოცემის თაობაზე.

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, რადგან ჩათვალა, რომ მის საქმეს მოეხსნა პოლიტიკური სარჩული და მხოლოდ სამართლებრივი კუთხით მოუწევდა თავისი სიმართლის დამტკიცება. ბოლოს დღეებში სიასთან დაკავშირებული მოვლენები მას აფიქრებინებს, რომ საქმე კვლავ იძენს პოლიტიკურ ელფერს, რაც ცუდი და სახიფათო პრეცედენტია.

ადვოკატი ზვიად კორძაძე