"ჰერეთის" სარჩელს სააპელაციო სასამართლო ხვალ განიხილავს

სააპელაციო სასამართლო „ჰერეთის“ სარჩელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხვალ, 16:00 საათზე განიხილავს.

წინა სასამართლო სხდომაზე, მოპასუხე მხარემ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, თუ რა პრიორიტეტებს მიაქცია ყურადღება.

კომისიის განცხადებით, „მედია ჰაუს დეკომს“ ჰქონდა უფრო მრავალფეროვანი პროგრამები, ვიდრე მეორე კონკურსანტ რადიო „ჰერეთს“. მაგალითისთვის დასახელდა საბავშვო გადაცემები, რომელიც ლიცენზიის გაცემის დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„ჰერეთის“ ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა კი სასამართლოს წარუდგინა „ჰერეთის“ და „მედია ჰაუს დეკომის“ კონცეფციები და მიუთითა, რომ „ჰერეთს“ დეტალურად გაწერილი პროგრამები ჰქონდა, "მედია ჰაუს დეკომს" კი მხოლოდ სათაურები, რომელიც მხოლოდ ვარაუდის საფუძველს იძლევა, თუ რა პროგრამები შეიძლება მოამზადოს „დეკომმა“

21 ნოემბერს ჩატარებულ სხდომაზე ადვოკატმა სამართლბრივ ასპექტებზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან დაირღვა. ყანდაშვილის თქმით, ის აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ კომუნიკაციების კომისიამ რადიო „ჰერეთი“ და „მედია ჰაუს დეკომი“ არათანაბარ პირობებში ჩააყენა, არ გადაამოწმა მაუწყებლის კანონის 37-ე მუხლთან შესაბამისობა (რომელიც გულისხმობს არის თუ არა ლიცენზიის მაძიებელი ოფშორთან პირდაპირ ან ირიბ კავშირში) რითაც ცალსახად დაირღვა საკონკურსო პირობები და საზოგადოების მოთხოვნა.


შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა" სარჩელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია კომისიამ კონკურსამდე 1 თვით ადრე დარეგისტრირებულ კომპანია შპს "მედია ჰაუს დეკომს" მიანიჭა. კონკურსში "ჰერეთიც" მონაწილეობდა, რომელიც თბილისში მაუწყებლობას უკვე მე-6 წელია ითხოვს.

"ჰერეთის" მენეჯმენტი კომისიის გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს და მისგან კომისიის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობას მოითხოვს. "ჰერეთის" ინტერესებს ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი იცავს. იგი პროცესის დასრულების შემდეგ მედიისთვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.