კახა კუკავა: გიგა ბოკერია თუ  ეკრანიდან ისაუბრებს და  არა ციხის გისოსებიდან, ეს წულუკიანის ბრალი იქნება

კახა კუკავა: გიგა ბოკერია თუ ეკრანიდან ისაუბრებს და არა ციხის გისოსებიდან, ეს წულუკიანის ბრალი იქნება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის და შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  არაკომპეტენტურობაზე საუბრობს.

„ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმრად აღიქვამს, უშუალოდ მიანიშნებს იმაზე, რომ წულუკიანი და ღარიბაშვილი ჯერჯერობით თანამდებობისთვის შეუფერებელნი არიან“, - განაცხადა კუკავამ.

კუკავას თქმით, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში, მიტინგების დარბევაში,  მკვლელობებში, კორუფციულ გარიგებებსა თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ, უნდა დაისაჯონ.

„იმ შემთხვევაში თუ, 5 თვის შემდეგაც გიგა ბოკერია ეკრანიდან ისაუბრებს და არა ციხის გისოსებიდან, ეს წულუკიანის ბრალი იქნება“, - აცხადებს  კუკავა.

კუკავა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა და მინისტრებს მოუწოდა საზოგადოებისთვის გასაგებად ისაუბრონ.

მისივე თქმით, გაურკვეველია მოხდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება და როდის.

„მიიმაჩნია, რომ ტარიფებთან დაკავშირებით, გაკეთებული განცხადება არაკომპეტენტური განცხადებაა და თუ ტარიფების შემცირება შეუძლებელია, მაშინ ახალმა მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს ტარიფების სტრუქტურა და თვითონ დაასაბუთოს, თუ რატომ არის ეს ტარიფები ობიექტური“ - განაცხადა კუკავამ.

კახა კუკავას თქმით, ის ყველაზე კრიტიკულად იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საქმიანობას აფასებს, რადგან გუნავას, გეწაძის და კალანდაძის საქმე ეს ის საქმეებია, რომლითაც ბოკერიას რეიტინგი გაიზარდა.