ჯემალ ანანიძე ბათუმში ყინულის სასახლეების მიზნობრიობაზე საუბრობს

ჯემალ ანანიძე ბათუმში ყინულის სასახლეების მიზნობრიობაზე საუბრობს

ქალაქ ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე ყინულის სასახლეების მშენებლობისა და ადგილმონაცვლეობის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყინულის სახლების მშენებლობა მიზნობრივად მოხდა.

მისივე თქმით, თანხები სამ ეტაპად პრეზიდენტის ფონდიდან, რეგიონული განვითარების ფონდიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოიყო. ანანიძის განცხადებით, თუ ვინმეს ეჭვი აქვს დაფინანსებულ და შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთად შეამოწმონ. მისივე მტკიცებით, სპორტის ყველა სახეობას სათანადო ყურადღება ექცევა, ხოლო ყინულის მოედანი ქალაქისთვის სიახლეა და 2 წელიწადში სპორტის ეს სახეობა ფეხს მაქსიმალურად ვერ მოიკიდებდა.

„ეტაპობრივად განვითარდება სპორტის ეს სახეობა. რაც შეეხება ყინულის მოედნების ადგილმონაცვლეობის საკითხს, ეს გამომდინარეობდა ადგილების გამოთავისუფლების მიზნით, რადგან უფრო მეტი შემოსავალი და პრივატიზაცია მომხდარიყო, რაც უფრო ეფექტურია ქალაქისთვის" - განაცხადა ჯემალ ანანიძემ.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ბათუმისათვის" თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა" ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმის ყინულის მოედნების მშენებლობისთვის დახარჯული ფინანსების შესწავლისთვის აუდიტის სამსახურს მიმართა. როგორც ჩავლეიშვილმა საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყინულის მოედნების მშენებლობისთვის თანხები არამიზნობრივად და უყაირათოდ იხარჯებოდა. ჩავლეიშვილის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სამი ყინულის მოედნის აგების, შენახვისა და გადაადგილებისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯა.