ფსიქიატრიულის 1000 პაციენტს ათასი რამ სჭირდება

ფსიქიატრიულის 1000 პაციენტს ათასი რამ სჭირდება

ფსიქიატრიული საავადმყოფოები მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან ის პაციენტები, რომლებიც ასეთი ტიპის სამკურნალო დაწესებულებებში მკურნალობენ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში 1000-მდე პაციენტი ურთულეს საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფება.

 

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი ესწრებოდნენ.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად დადებითი ფაქტებიც გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებებში ფსიქიური პრობლემების მქონე პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი აღარ აქვს. წლების განმავლობაში გაიზარდა მათი ბიუჯეტიც, რომელიც 2010 წელს 10 257 მლნ ლარს შეადგენს.

 

თუმცა, სავადმყოფოები თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს, მკურნალობა, ძირითადად, ფარმაკოთერაპიის მეშვეობით ხდება, პაციენტებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევთ ყოფნა. ტუღუშის განცხადებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.

 

სახალხო დამცველის თანაშემწის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ფსიქიატრიული დაწესებულებების სტაციონარებში 1000-მდე პაციენტი იმყოფება, რომელთა 40%-ზე მეტს სტაციონარში მუდმივად დარჩენა არ სჭირდებათ, თუმცა სტაციონარებს ვერ ტოვებენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ პაციენტებს არსად აქვთ წასასვლელი. 

 

მონიტორინგის მიხედვით, ყველაზე მძიმე სიტუაცია თბილისში, მიხეილ ასათინის სახელობის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში, ბედიში და ქვიტირის ფსიქიატრიული ცენტრის ზოგიერთ განყოფილებებშია.

 

ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სიტუაციის გასაუმჯობესებლად სახალხო დამცველის დასკვნას გაითვლისწინებს. ამის პირობა ჟურნალისტებთან სუბრისას შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირკლი გიორგობიანმა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” დადო. 

 

მისი თქმით, ქრონიკულ პაციენტებს, რომელთაც არ სჭირდებათ მუდმივად სტაციონარებში ყოფნა, ამბულატორიული მკურნალობის სისტემაზე გადაიყვანენ. ამაში მათ საერთაშორისო ორგანიზაცია “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” დაეხმარება. 

 

ფსიქიატრიული დაწესებულებები კი “ჰოსპიტალური განვითარების პროგრამის” ფარგლებში მოექცევა და სახელმწიფო დაფინანსებაზე დარჩება. ზოგიერთი ასეთი დაწესებულება რეაბილიტაციას დაექვემდებარება.

 

კერძოდ, ამჟამად რემონტი მიმდინარეობს ქვიტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. შენობის ნაწილი უკვე გარემონტებულია. ორ კვირაში იქ გათბობის სისტემაც დამონტაჟდება. რეაბილიტაცია უტარდება გლდანის ფსიქიატრიულ დაწესებულებასაც. გიორგობიანის თქმით, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული ინსტიტუტის შენობა, რის გამოც იგი აუქციონზე გაიყიდება. შემოსული თანხით კი ახალი აშენდება. 

 

ასათიანზე მდებარე ფსიქიატრიულის აუქციონზე გაყიდვის სურვილი მთავრობას დიდი ხანია აქვს, მაგრამ მყიდველი არ ჩანს. გაზაფხულზე გამართულ აუქციონზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ფსიქიატრიული საავადმყოფოს პრივატიზაციის მსურველების განაცხადები არ შესულა.  

 

ასათიანის 10-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 32 935 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 2 მილიონ 400 ათას ლარი იყო. ახალ მფლობელს საერთო ჯამში 320 საწოლზე გათვლილი 3 ფსიქიატრიული დაწესებულება უნდა მოეწყო. 

 

გამარჯვებულ კომპანიას თანხის 50 პროცენტი აუქციონიდან 30 დღეში, დარჩენილი 50 პროცენტი კი 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა გადაეხადა.

 

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულს “ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” ბაზაზე - 120, “ფსიქიატრიის ინსტიტუტის” საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე კი 100-საწოლიანი კლინიკის მოწყობა ევალებოდა. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე 100-საწოლიანი ფსიქიატრიული თავშესაფარი უნდა მოეწყო.

 

როგორც ჩანს, პოტენციურ ინვესტორებს ეს პიროებები თვალში არ მოუვიდათ და ფსიქიატრიული საავადმყოფო განმეორებით აუქციონს ელის, ხოლო როდის ჩატარდება ეს აუქციონი, ჯერჯერობით უცნობია.