მენაღარიშვილი: ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ჩართულმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა მიიღონ

მენაღარიშვილი: ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ჩართულმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა მიიღონ

ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ჩართულმა სახელმწიფოებმა ყველა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა მიიღონ. ამის შესახაბ მენაღარიშვილმა from.ge-ს პალესტინის სტატუსზე ქართული მხარის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

„უკანასკნელ დრომდე საქართველოს პოზიცია ყოველთვის ემთხვეოდა აშშ-ს პოზიციას, იმის თაობაზე, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ჩართული სახელმწიფოების ყველა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვეს არა სიტაუციის გართულება, არამედ სამშვიდობო პროცესის მყარი განვითარება“ - განუცხადა from.ge-ს მენაღარიშვილმა.

მისივე თქმით, სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, თუ მხარეები ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმისგან თავს შეიკავებენ.

„სიტუაცია ძალიან რთულია და აქდან გამომდინარე, ჯობია მხარეებმა ცალმხრივი ნაბიჯებისაგან თავი შიკავონ. სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩვენი პოზიცია უკანასკნელ დრომდე“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გადაწყვეტილების შედეგებს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუკი ქართველი დიპლომატები მას სათანადოდ ახსნიან, საქართველოზე რაიმე უარყოფითი გავლენა არ ექნება.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევის შედეგად ამ ნაბიჯს რაიმე სერიოზული შედეგი არ მოყვება საქართველოსათვის. ალბათ, ჩვენი დიპლომატები შეძლებენ მოტივის სათანდოდ ახსნას მეგობარი ქვეყნებისათვის და ასევე თანამშრომლობის იმ სულისკვეთების შენარჩუნებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“- აღნიშნა ექსპერტმა.

მენაღარიშვილის შეფასებით,  აღნიშნული ფაქტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხეს არ ქმნის.

„არამგონია რომ ასე შორს წავიდეს მოვლენების განვითარება. მე იმედი მაქვს რომ ან ნაბიჯს მოყვებნა შესაბამისი ნაბიჯები, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან დიალოგის თვალსაზრისით“ - განაცხადა მენაღარიშვილმა.

პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო ცხრამ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.