ირაკლი ოქრუაშვილის   პროცესი 5 დეკემბრისთვის გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი 5 დეკემბრისთვის გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი 5 დეკემბრისთვის გადაიდო.

ამის მიზეზი საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირის გაბრიელ პავლიაშვილის დაკავება გახდა, რომლის შესახებ პავლიაშვილის ადვოკატმა ლალი აფციაურმა მოსამართლეს აცნობა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მას პავლიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ადვოკატის შუამდგომლობის შესაბამისად, პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა, დღესვე 5 დეკემბრის შემდგომი პროცესიც ჩაინიშნა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი პროცესი 10 დეკემბერს 10:00 გაიმართება.

რაც შეეხება გაბრიელ პავლიაშვილს, როგორც ადვოკატმა ლალი აფციაურმა განმარტა, იგი საქმესთან დაკავშირებული პირია და მისი დაკავება 27 ნოემბერს მოხდა. ამასთან, ადვოკატების ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი, გვარად ბეგიაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილს და კიდევ რამდენიმე პირს, მათ შორის მის ბიძაშვილს იოსებ გიგუაშვილს ბრალად ედებათ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა. ამასთან, ოქრუაშვილს ამ ფორმირებების მეთაურობა ედება ბრალად. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსისი 223-ე მუხლის I ნაწილით და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწენებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებულები, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროცესის პირველი ორი წუთის განმავლობაში ჟურნალისტებს ვიდეოგადაღების საშუალება მიეცათ.