დათა ახალაიას ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

დათა ახალაიას ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:  

"არჩილ კბილაშვილმა დავით ახალაიასთან მიმართებით უკვე მეორედ განახორციელა ზეპირი და წინმსწრები ბრალდება, რაც არასწორია. პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანამდე, არ შეიძლება პროკურორი მასმედიით ახმოვანებდეს წინმსწრებ ვერბალურ ბრალდებებს. მოგეხსენებათ, ათიოდე დღის წინ, კერძოდ, 16 ნოემბერს, არჩილ კბილაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ ე.წ. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით 19 ნოემბერს ბრალი წარედგინებოდა დავით ახალაიას. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ასეთი რამ არ განხორციელებულა. ამდენად, მთავარი პროკურორის განცხადების მიუხედავად, 19 ნოემბერს გირგვლიანის საქმეზე დავით ახალაიას ბრალი არ წარედგინა (უსაფუძვლობისა და მტკიცებულებათა არარსებობის გამო). ამჟამად კი ვიგებთ, რომ დავით ახალაიას მიმართ ბრალის წარდგენა იგეგმება პოლიციელთა ცემის საქმეზე, რაზეც გამოძიება დაწყებულა 18 ნოემბერს", - აღნიშნულია ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი განცხადებით, აშკარა ხდება, რომ ვინაიდან პროკურატურამ ვერ შეძლო გირგვლიანის საქმეზე დავით ახალაიასთვის ბრალის წარდგენა, 18 ნოემბერს სასწრაფო წესით დაიწყეს გამოძიება პოლიციელების ცემის ფაქტზე და პროკურატურას დავით ახალაიასთვის ბრალის წარდგენა სწორედ ამ საქმეზე სურს.

"აღსანიშნავია, რომ "პოლიციელთა ცემის" საქმეზე დაზარალებულად და მთავარ მოწმეებად მოგვევლინებიან მხოლოდ პოლიციელები. დაზარალებულ და სავარაუდო მოწმე პოლიციელთა მიერ, მათ სამოღვაწეო ასპარეზზე განხორციელებულ ქმედებათა კანონიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში შესაძლოა არაერთი შეკითხვა არსებობდეს. პირადად მე, როგორც ადვოკატს, მათი წარსული საქმიანობის შესახებ ბევრი რამ მომეხსენება. რამდენად სარწმუნო, სამართლიანი და კანონიერია დავით ახალაიას მიმართ ბრალდების ასეთი გზით ფორსირება - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის მიმინდვია", - აცხადებს ზაქარეიშვილი.