შალვა შავგულიძე: უმცირესობის წარმომადგენლების ასეთი განცხადებები,  გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობაა

შალვა შავგულიძე: უმცირესობის წარმომადგენლების ასეთი განცხადებები, გამოძიებაზე ზეწოლის მცდელობაა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი,  შალვა შავგულიძე  ყოფილი პრემიერისა და ასევე  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პროკურატურაში დაბარების შეფასებისას აცხადებს, რომ თუ მერაბიშვილი დაბერებულია პროკურატურაში ალბათ, ამის მიზეზი არსებობს.

რაც შეეხება, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებებს, შავგულიძე მათ უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ  უკვე ცნობილი ფაქტია, რომ პროკურატურის მოქმედებას,  ნებისმიერი ბრალდების წარდგენას,  პოლიტიკური უმცირესება - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

„ეს უსაფუძვლოა და სწორედ,  ასეთი განცხადებებია მცდელობა,  მოახდინო ზეწოლა გამოძიებაზე.  ვინაიდან,  ჯერ არაა ცნობილი,  როგორ წარიმართება გამოძიება, რამდენად დასაბუთებული იქნება ბრალდება და რამდენად საფუძვლიანი იქნება შემდგომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში, თუ დადგა ასეთი.  წინასწარ, აპრიორი იმის განცხადება,  რომ,  რადგან მოხდა ბრალდების წარდგენა,  დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლისათვის ეს პოლიტიკური დევნაა,  ეს ერთის მხრივ, პოლიტიკოსის მხრიდან  უპასუხიმგებლო მოქმედებაა    და მეორეს მხრივ, ეს არის მცდელობა, ზეგავლენა მოახდინონ გამოძიებაზე.

ვფიქრობ,  პროკურატურა  ასეთი ზეგავლების ქვეშ არ მოექცევა  და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ის სამართლებრივად, სწორად წარმართავს პროცედურებს“, - განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერმინისტრი,  ვანო მერაბიშვილი პროკურატურაში  ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზეა დაბარებული.