აკაკი მინაშვილი: ქარელის გამგეობაში ფინანსური პოლიცია შევიდა

აკაკი მინაშვილი: ქარელის გამგეობაში ფინანსური პოლიცია შევიდა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ქარელის გამგეობაში ფინანსური პოლიცია შევიდა. ამის შესახებ მან „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა გამგებელს გადადგომისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაკავებით ემუქრება.

„მიდგომა და ტექნოლოგია ყველა თვითმმართველობასთან დაკავშირებით არის ერთი და იგივე – ფინანსური პოლიცია შედის გამგეობებში და გამგებლებს გადადგომისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებიან, რომ ფინანსური ბრალდებებით მათ დააკავებენ. იგივე მოხდა ქარელის გამგებლის ილია ბურჯანაძის შემთხვევაშიც. მას შეუთვალეს, რომ გადადგეს" - განაცხადა მინაშვილმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ ქმედებას ფინანსური პოლიცია და „საქართველოს ახალი გმირი" – გიგა ახვლედიანი ახორციელებს.

„მასთან ერთად პროკურატურაც ცდილობს იმას, რომ ეს ადამიანი დააკავოს. ეს არის ფორსირებული ტემპით „ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის წარმართვა ნეგატიური მიმართულებით. ეს არის მცდელობა 9-წლიანი წარმატების შემობრუნების და ნეგატიური მიმართულებით წაყვანის. ეს არის ძალიან სავალალო პროცესი. ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ საქართველო იქნება იზოლირებული დასავლური სამყაროსგან" - აღნიშნა მინაშვილმა.