ირმა ნადირაშვილი: წუხელ, აეროპორტში სპეცრაზმი იყო მობილიზებული

ირმა ნადირაშვილი: წუხელ, აეროპორტში სპეცრაზმი იყო მობილიზებული

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია წუხელ პრეზიდენტის ესკორტით არ დაუტოვებია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი ყალბი პასპორტით აპირებდა ქვეყნიდან გასვლას, მაგრამ იმისთვის, რომ პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტი არ შეეფერხებინა, მისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ. მათ განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტით დატოვა აეროპორტის ტერიტორია და ამის გამო მათ ისევ არ დაუსვეს შეკითხვები. მე გახლდით იქ და მინდა გითხრათ, რომ ეს განცხადება არის სრული ტყუილი. ვანო მერაბიშვილმა ტრაპიდან ჩამოსვლის შემდეგ სასაზღვრო კონტროლამდე მთელი მანძილი ფეხით გაიარა და შემდეგ მან თავისი მანქანით და არა პრეზიდენტის ესკორტით, დატოვა აეროპორტის ტერიტორია, თუმცა წუხელ ასეთი კითხვა არ დაუსვამთ" - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, წუხელ აეროპორტში სპეცრაზმი იყო მობილიზებული, სპეცოპერაციას კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძე ხელმძღვანელობდა.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ისინი აეროპორტის ვიდეოკამერებით დაფიქსირებული შესაბამისი მასალების გასაჯაროებას და გამოქვეყნებას მოითხოვენ.

ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საწინააღმდეგო კამპანიის მთავარი სცენარისტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილია.

„ჩვენი ვარაუდით, ეს დრო შსს-ს სჭირდებოდა იმისთვის, რომ კარგად დაედგა აბსურდის თეატრი და რაც მთავარია, ამ სპექტაკლის სცენარი შეეთანხმებინა მთავარ სცენარისტ ბიძინა ივანიშვილთან. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ხდება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, სწორედ მისი სურვილით მიმდინარეობს პოლიტიკური დაჭერები და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების დევნა. ეს სწორედაც რომ შერჩევითი სამართალია" - აღნიშნა ნადირაშვილმა.