მიხეილ სააკაშვილი: ჩემი და ჩემი პარტიის ოცნებაც - ევროპული ტრანსფორმაციაა

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი და ჩემი პარტიის ოცნებაც - ევროპული ტრანსფორმაციაა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ერევანში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ,  მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკური ლიდერია.

„აქ იმყოფება ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ლიდერია საქართველოში. 90-იან წლებში,  ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, იგი ბრიუსელში შეხვდა ვილფრედ მარტენსს და ჩვენი მეგობრობა სწორედ ამ დროიდან დაიწყო“, - განაცხადა  სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ახლა გადამწყვეტი პერიოდია და ქვეყნისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილად ევროპა ესახება.

„ახლა ჩვენთვის გადამწყვეტი პერიოდია, რადგან საქართველო არ არის დსთ-ის წევრი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება სხვა მიმართულებით სვლა. ყველაზე უსაფრთხო ადგილი,  ამ მხრივ,  არის ევროპა. სწორედ ეს არის ჩემი და ჩემი პარტიის ოცნებაც - ევროპული ტრანსფორმაცია. რაც შეეხება ინტეგრაციას,  ეს უცვლელი რჩება. ჩვენ უნდა მოგვეცეს შანსი ვილნიუსის სამიტზე წინ წავიწიოთ ისე, როგორც ეს სალონიკის სამიტზე დასავლეთ ბალკანური ქვეყნების შემთხვევაში მოხდა - მაშინ მათ ევროკავშირის წევრობას დაპირდნენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრი ქვეყნისთვის, ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს“, - განაცხადა  სააკაშვილმა.

საქართველოს პირველი პირი სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გუშინ გაემგზავრა. მან ვანო მერაბიშვილთან ერთად,  ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

მაღალი დონის შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პერსპექტივებს,  დემოკრატიულ რეფორმებს, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა.