პოლ მაკარტნი მესამედ დაოჯახდა

პოლ მაკარტნი მესამედ დაოჯახდა

ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles”-ის წევრი, სერ პოლ მაკარტნი გუშინ მესამედ დაოჯახდა. მაკარტნიმ და მისმა რჩეულმა ნენსი შეველმა ხელი ლონდონის ვესტმინსტერის რაიონში მდებარე ქორწინების სახლში მოაწერეს.

 

წყვილმა ურთიერთობა ადგილობრივი დროით 15.00 საათზე დააკანონა. ამ ცერემონიალს ახლადშეუღლებულების ახლობლები ესწრებოდნენ, მათ შორის ექს-“ბითლზი” რინგო სტარი მეუღლითურთ.

 

პატარძალს დიზაინერი სტელა მაკარტნის მიერ შეკერილი საქორწინო კაბა ეცვა.

 

ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ ახლადდაქორწინებულებმა ლონდონის სენტ-ჯონს-ვუდსის რაიონში მდებარე მაკარტნის სახლში გადაინაცვლეს. ქორწინების ზეიმის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო წვეულებას 30-მდე სტუმარი დაესწრო.

 

ნენსი შეველი პოლ მაკარტნისათვის მესამე ოფიციალური მეუღლეა. სერ პოლმა პირველად 1969 წელს იქორწინა. მისი პირველი რჩეული ლინდა ისტმენი გახლდათ. ლინდა 1998 წელს კიბოს დააადებით გარდაიცვალა.

 

ცნობილი მუსიკოსი მეორედ 2002 წელს, მოდელ ჰიზერ მილსზე დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდნენ.

 

საინტერესოა, რომ გუშინდელი დღე პოლ მაკარტნის შემთხვევით არ აურჩევია. 2011 წლის 9 ოქტომბერს მის კოლეგა ჯონ ლენონს დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდებოდა.