ჯაფარიძე: საქართველოს პრეზიდენტი ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით მოთხოვნას არ აკმაყოფილებს

ჯაფარიძე: საქართველოს პრეზიდენტი ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით მოთხოვნას არ აკმაყოფილებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თედო ჯაფარიძის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით საგარეო უწყების მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

როგორც  ჟურნალისტებს ჯაფარიძემ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს  იმ ელჩების სია აქვს, რომელთა გამოწვევაზეც საგარეო პოლიტიკური უწყება შეთანხმდა, თუმცა ამაზე ის ჯერ არ რეაგირებს.

მისი თქმით, პრეზიდენტი თვლის, რომ მის მიერ დანიშნული საქართველოს ყველა ელჩი ძალიან ეფექტური იყო და ისინი კარგად მუშაობდნენ.

„ის ალბათ ასევე თვლის, რომ მის მიერ დანიშნული ელჩები მისი ვადის ამოწურვამდე ადგილზე უნდა იყვნენ. ჩვენ კი ამ ელჩების მისამართით გარკვეული შეკითხვები გვაქვს. დაიწყო პოლიტიკური კინკლაობა, რაც მისაღები არ არის“, - დასძინა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციით, ელჩების პოსტზე დანიშვნა და გათავისუფლება პრეზიდენტის პრეროგატივაა.