სამართალდამცავებმა საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცავებმა საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცავებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ოლეგ თ.-ის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საბრძოლო მასალა: ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 6 ჭურვი,  „ერგდ 5“-ის ტიპის ორი ხელყუმბარა ამფეთქებით და „ფ-1“ ტიპის ერთი ხელყუმბარა ამფეთქით.

აღნიშნულის შესახებ, განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. განცხადების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით: „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა“.

აღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული დაისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.