მამუკა არეშიძე: მოსკოვში საქართველოს პოლიტიკური სტრუქტურების დალაგებას ელოდებიან

მამუკა არეშიძე: მოსკოვში საქართველოს პოლიტიკური სტრუქტურების დალაგებას ელოდებიან

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მოსკოვში დღეს ზუსტად არ იციან, რა უნდა საქართველოს ახალ ხელისუფლებას. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოსთან დიალოგის თაობაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„საქართველოს წინა ხელისუფლებას რომ ეღიარებინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაშინაც იქნებოდა რუსეთი დიალოგზე თანახმა, მიუხედავად იმ განცხადებისა, რომ სააკაშვილის გარდა, ყველას დაელაპარაკებოდნენ. არც წინა ხელისუფლება და არც ახალი, ამ აღიარების მომხრე არ არის, ამიტომ დიალოგის სხვა გზების ძიებაა საჭირო" - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზად იყო, თუმცა მოსკოვის მხრიდან დუმილის ფონზე ასეთი შეხვედრა არ შედგა.

„მოსკოვში ელოდებიან პოლიტიკური სტრუქტურების დალაგებას საქართველოში. დღეს იქ ზუსტად არ იციან, რა უნდა საქართველოს ხელისუფლებას და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს   აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. პრინციპში ეს ასეა, საქართველოს ხელისუფლება მანევრულ რეჟიმში იმყოფება. რამდენჯერმე შეიცვალა ივანიშვილის ვიზიტების გეოგრაფია. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებ ვივარაუდო, რომ ეს პოლიტიკური კონიუქტორიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, თვალისთვის უხილავად მოსკოვის აქტივობა საქართველოში ძალიან გაიზარდა. რუსეთის საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებმა და ცნობილმა პიროვნებებმა მოუხშირეს თბილისში ვიზიტს, ცდილობენ პირადი ურთიერთობების დალაგებას. არ გამოვრიცხავ, ეს არ ხდებოდეს კრემლისგან დამოუკიდებლად, არამედ პირიქით, ერთგვარი ზონდაჟის ფორმა აქვს" - განაცხადა არეშიძემ.

 მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში მოსკოვი აშკარად ხედავდა დასავლეთის ცალსახა ზეგავლენას იმ ხელისუფლებაზე, თუმცა  დღეს ეს სურათი ასეთი ნათელი არ არის.