მამუკა არეშიძე: ყოფილი ხელისუფლების მიზანი ვაჰაბიტების მეშვეობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით სერიოზული ქაოსის შექმნა იყო

მამუკა არეშიძე: ყოფილი ხელისუფლების მიზანი ვაჰაბიტების მეშვეობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით სერიოზული ქაოსის შექმნა იყო

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიზანს ვაჰაბიტების მეშვეობით, ე.წ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით სერიოზული ქაოსის შექმნა წარმოადგენდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლაფანყურის მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მე გეტყვით რამ მიგვიყვანა ლაფანყურამდე, პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ეს კუთხე პანკისი არის ვაჰაბიზმის ნავსაყუდელი. რა თქმა უნდა, ვაჰაბიზმს აქ არ აქვს ის ფორმა, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ ეს დღეს არის ასე და ხვალ შეიძლება სხვანაირად იყოს. მთავარი ის არის, ვინ შექმნა ასეთი ფორმა. ეს საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურების წარმომადგენლებმა გააკეთეს. ერთ-ერთი მათგანი გუშინ დააპატიმრეს, კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილე დათო ლორთქიფანიძე. მათ გააძლიერეს იქ ვაჰაბიზმი, რათა ადვილად ემართათ. ისინი ვაჰაბიტების ჯამაათთან წილში იყვნენ ახლო აღმოსავლეთიდან შემოსულ ფულში და ადგილობრივ ბიზნესში. ვაჰაბიტების ჯამაათის დამსახურებაა იმ ბიჭების საქართველოში ჩამოყვანა, ეს იყო ვაჰაბირტების ჯამაათისა და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაცია. ვინც სახელდებიან ლიდერებად, ისინი ამ კონკრეტულ სიტუაციაში გამოჩდნენ. თორემ იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ. მათ არ შეასრულეს ის დავალება, რაც ჰქონდათ და სწორედ ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა"- განაცხადა არეშიძემ.

თუ რა დავალებაზეა საუბარი, არეშიძე აცხადებს, რომ ამაზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს, რადგან ამით სამართლებრივ პროცესს ხელს შეუშლის, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ იყო ისეთი ტიპის დავალება, როგორიც არის ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია.

„ჩემი ინფორმაციით, სულ სხვა ტიპის დავალებაზეა საუბარი, რაც მათ არ შეასრულეს ამის გამო გადაისროლეს ლაფანყურში და დაღესტანში შეჭრის იმიტაცია გაითამაშეს" - აღნიშნა არეშიძემ და დასძინა, რომ მათ ევალებოდათ სერიოზული ქაოსის შექმნა ე.წ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.