თინა ხიდაშელი: არ ვეთანხმები „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიის შინაარსს, მაგრამ არ მგონია რომ „ვაშინგტონ პოსტი

თინა ხიდაშელი: არ ვეთანხმები „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიის შინაარსს, მაგრამ არ მგონია რომ „ვაშინგტონ პოსტი" „პრავდაა"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიის პათოსს არ ეთანხმება, თუმცა, მას არც გაზეთ „პრავდასთან“ აიგიევებს.

ხიდაშელი საქართველოს ახალი ხელისუფლების შესახებ „ვაშინგტონ პოსტში" დაბეჭდილ სტატიას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ „ვაშინგტონ პოსტს"ავტორიტეტულ გაზეთად მიიჩნევს.

„სხვადასხვა ტიპის მანიაკებისათვის მინდა განვმარტო, რომ ათასობით კითხვაზე პასუხის გაცემისათვის თავის ასარიდებლად "ვაშინგტონ პოსტმა" ასე ან ისე დაწერა და ამაზე რას იტყვითო, არგუმენტი არ გამოდგება, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომაც, რომ მათ ის ერთხელ უკვე გამოაცხადეს „პრავდად", ხოლო თავად ვაშინგტონი კრემლად. იმის მიუხედავად, რას დაწერს „ვაშინგტონ პოსტი", კითხვები მაინც იქნება და მათზე პასუხის გაცემა მაინც გარდაუვალია. მათი ბელადისაგან განსხვავებით, არ მგონია რომ „ვაშინგტონ პოსტი" „პრავდაა", და მგონია რომ ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი გაზეთია. ზუსტად ასე მეგონა იმ დროიდან როცა პირველად გავიგე მისი არსებობის შესახებ, ასე მეგონა ბოლო ერთი წლის მანძილზე და დღესაც ასე მგონია. არ ვეთანხმები სტატიის არც პათოსს და არც შინაარსს, მაგრამ ამის გამო არ ვთვლი რომ „პოსტის" სარედაქციო კოლეგია მოსყიდულია, ან კრემლის ან კიდევ სხვა ვინმე უბედურების დავალებებს ასრულებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას პოზიტიური უცხოური პრესა ჰქონდეს და ამაზე უნდა ვიმუშავოთ, მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ გარეთ და კომუნიკაციის ახალი არხები უნდა გაიჭრას სწრაფი და ეფექტური ურთიერთობების ასაწყობად, და არ და არა მხოლოდ მედიასთან"- წერს ხიდაშელი საკუთარ გვერდზე.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე გუშინ პრესტიჟული ამერიკული გამოცემის, Washington Post-ის სარედაქციო საბჭომ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სარედაქციო საბჭოს წერილი უბრალო ანალიტიკისგან იმით განსხვავდება, რომ საკითხისადმი არა კონკრეტული ავტორის მიდგომას, არამედ გამოცემის ზოგად პოზიციას გამოხატავს.  Washington Post-ში მიიჩნევენ, რომ ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. ამასთან, სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე ამახვილებენ.