ზაზა გაბუნია: თბილისის განვითარების ფონდი საცხოვრებელი ფართების უკანონო გადაფორმებას ახორციელებდა

ზაზა გაბუნია: თბილისის განვითარების ფონდი საცხოვრებელი ფართების უკანონო გადაფორმებას ახორციელებდა

საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდი ცაბაძისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე მცხოვრებთა ფართების უკანონო გადაფორმებას ახორციელებდა. ამის შესახებ მან დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, მარჯანიშვილისა და ცაბაძის ქუჩების შენობების გარეფასადების რეაბილიტაციის პარალელურად დაირღვა ათობით მოქალაქის საკუთრების უფლება და მატერიალური ზიანი მიადგათ.

დეპუტატის თქმით, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორისა და ფონდის მესვეურების მხრიდან მოქალაქეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა მათ საკუთრებაში არსებული ფართების დათმობის მიზნით.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მოქალაქეებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა დირექტორმა გიორგი საბანაძემ მარჯანიშვილისა და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს ფონდის სასარგებლოდ მუქარით გადააფორმებინა მათ მფლობელობაში არსებული ფართები. გაბუნია აცხადებს, რომ ასეთი ათობით მოქალაქეა და მათ დახმარებისათვის „ქრისტიან-დემოკრატებს" მიმართეს.

ამასთან, გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ გარეფასადების რეაბილიტაციის დროს ფონდის კონტრაქტორი სამშენებლო ფირმების მიერ დაზიანდა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები.

საკრებულოს წევრი ფონდისგან მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

მისივე თქმით, მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან შეხვედრის დროს ისაუბრეს თბილისის განვითარების ფონდის საკითხზე და არჩილ კბილაშვილს დაპირდა, რომ გადასცემდა კონკრეტულ ინფორმაციას ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით.

გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლები უკვე ამზადებენ წერილს, რომლითაც შემდეგ ის მთავარ პროკურორს მიმართავს.

პრესკონფერენციას ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაციით დაზარალებული ნანა კოპალეიშვილიც ესწრებოდა.

მისი თქმით, ცაბაძის ქ.#11-ში მას ჰქონდა საცხობი. ნანა კოპალეიშვილის განცხადებით, შვიდი თვეა სამი ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, შენობას კი მხოლოდ გარემონტებული ფასადები აქვს და სახურავიც კი არ გააჩნია.